საქართველომ ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წელს 38 პროცენტით გაზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს, 2010-თან შედარებით, საქართველოდან 5 მლნ ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ღვინის საექსპორტო ათეულში უკრაინა ლიდერობს, სადაც გასულ წელს 8211,9 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 2229,7 ათასი ლიტრი; მესამეზე ბელარუსი - 2038,3 ათასი ლიტრი; შემდეგ მოდის პოლონეთი - 652,1 ათასი ლიტრი; აზერბაიჯანი - 584,0 ათასი ლიტრი; ლატვია - 551,0 ათასი ლიტრი; ლიტვა - 506,7 ათასი ლიტრი; ჩინეთი - 451,6 ათასი ლიტრი; აშშ - 261,1 ათასი ლიტრი; ესტონეთი - 230,8 ათასი ლიტრი და ა.შ. გასულ წელს ჯამში საქართველოდან 16 822,1 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე დღეს ვიყენებთ. საექსპორტო პოტენციალის აუთვისებლობის მიზეზად მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: "არათუ მხოლოდ ექსპორტიორებს, არამედ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას დღეს რაც აკლია, ესაა "მართებული ხედვა, ერთიანი სტრატეგია და მზრუნველი ხელი". ვფიქრობ, ამით ყველაფერი ვთქვი, თუმცა არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ სხვისი ბრალია. ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგში მხოლოდ ჩვენი წილია."
გასულ წელს ქართული ღვინო ახალ საექსპორტო ბაზრებზე გავიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშიას განცხადებით, 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა ეგვიპტეში, ავსტრიაში, ერაყში, ხორვატიაში, კოსტა რიკაში და იორდანიაში. რაც შეეხება 2012 წლის გეგმებს, "მიმდინარე წელს ორიენტირებულნი ვიქნებით არსებულ ბაზრებზე ექსპორტის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გამყარებაზე, ინტენსიური მუშაობაა დაგეგმილი 6 პრიორიტეტულ ბაზარზე, რომლებიც კერძო სექტორთან ერთობლივად ჩამოყალიბდა. ასევე მოხდება ახალი ბაზრების შესწავლა და შესვლა. ,,ვაპირებთ, სტრატეგიულ და ახალ ბაზრებზე მარკეტინგული კვლევების ჩატარებას, რათა ჩვენი ექსპორტის ზრდას უფრო სისტემურად შევუწყოთ ხელი და მარკეტინგული გეგმები კონკრეტული ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით დავსახოთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ქართულმა კომპანიებმა ღვინის საერთაშორისო გამოფენებში და სადეგუსტაციო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა, ასევე მათ დავეხმარებით, რომ პრიორიტეტულ ბაზრებზე ტრაიდერებთან, დისტრიბუტორებთან, მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელებთან, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და გაცნობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ნიმუშები წარვადგინეთ გერმანიაში - დიუსელდორფის და მოლდოვაში - კიშინიოვის კონკურსებზე და ველით შედეგებს. მომზადდება სარეკლამო მასალები ბროშურების, კატალოგების სახით და მოხდება უფრო მეტი პუბლიკაციის გაკეთება სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში. მოვიწვევთ და ღვინის ტურებს ჩავუტარებთ საქართველოში მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტებს, ჟურნალისტებს, თრეიდერებს და მყიდველებს," - ამბოს ია ჯანაშია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება პოვამსოფლიო ბაზარზე. რამაც გამოიწვია ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა.