Wednesday, June 6, 2012

ქართული ღვინის ბიზნესი

ქართული ღვინის ბიზნესი

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის 3,6 მ მილიონი ლარი დახარჯა. საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, ექსპორტის მაჩვენებელი კვლავაც დაბალ

2006 წელს ქართულმა ღვინომ გასაღების მთავარი, რუსეთის ბაზარი დაკარგა. ემბარგომდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით, 75% გადიოდა. ბაზრის დაკარგვამ ღვინის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგალითად, თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონ დოლარამდე დაეცა. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლიდან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც, საბოლოოდ ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 3 მილიონ 612 ათასი ლარი გაიღო, აქედან 2 მილიონ 262 ათასი ბოლო ორ წელს დაიხარჯა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სახელმწიფომ 600 ათასი ლარი დახარჯა. აქედან 27 ათასი ლარი ფრანგულ ჟურნალ „Sommelier International"-ის საახალწლო ნომერში, ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოხმარდა. ლონდონის ღვინის მუზეუმთან ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოს 104 ათასი ლარი დაუჯდა. აშშ-ში მოეწყო ღონისძიებები სახელწოდებით „Discover Georgian Wines", რისთვისაც 252 ათასი ლარი დაიხარჯა.

2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის პოპულარიზების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის 750 ათასი ლარი გამოყო, აქედან 332 ათასი დაიხარჯა. ეს თანხა სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას მოხმარდა, გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯა ლონდინში ქართული ღვინის შესახებ ჟურნალის გამოცემაზე.

2010 წელს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ლონდონისა და ტორონტოს ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე. ლონდონის ღვინის მუზეუმში ფართის საქირავებლად სახელმწიფომ 36 ათასი ლარი გადარიცხა, ჯამში, ამ ყველაფრისათვის 203 ათასი ლარი დაიხარჯა.

2010 წლის ივლისში საქართველომ „მსოფლიო ღვინის კონგრესს" უმასპინძლა. ღონისძიებისათვის 1 მილიონ 406 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, „სამტრესტს" უფლება მიეცა, კონგრესისთვის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განეხორციელებინა. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა კი ღონისძიების ორგანიზება, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კომპანია „ჯორჯიან ივენტსს" დაავალა და 1,4 მილიონი ლარი მთლიანად მას გადაურიცხა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „ჯორჯიან ივენტსის" 100%-იანი წილი, კომპანია „ჯორჯიან ჰოსპითალითი გრუპს" ეკუთვნის. ამ უკანასკნელის მეწილეთაგან ერთ-ერთი, დათუნა რაქვიაშვილი იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მეორე, საბა კიკნაძე კი ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარეა.

26 ოქტომბერს ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის საკითხს პრემიერ მინიტრიც შეეხო, რომელმაც, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ექსპორტის საკითხი დადებითად შეაფასა. ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს ექსპორტზე 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ემბარგომდე გადიოდა. მისივე თქმით, 2011 წელს ექსპორტზე უკვე 18 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული. მაგრამ სხვას ამბობს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია. საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გასულმა ღვინის ღირებულებამ 80 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ ნახევარი, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის მაქსიმალური იმპორტის მაჩვენებელი, რასაც საქართველომ ემბარგოს შემდეგ მიაღწია

No comments:

Post a Comment